logo
ENG



სირცხვილია ზურაბიშვილს სთავაზობს, თავადაც დაესწროს 20 ივნისის შეკრებას "შინ ევროპისკენ"

14 ივნ 202222:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/14/jo7qu0s95vv8jhl.jpg

მოძრაობა სირცხვილია სალომე ზურაბიშვილს პასუხობს და ამბობს, რომ 20 ივნისის შეკრებას არ გააუქმებს, თუმცა სურვილის შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილს მასზე დასწრებას სთავაზობს.

"ერთ კვირაზე მეტია, სამოქალაქო საზოგადოება ემზადება 20 ივნისის შეკრებისთვის, რომლის მიზანიცაა გააერთიანოს ქართველი ხალხი მიუხედავად მათი პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ სხვა განსხვავებებისა. ისტორიული გადაწყვეტილების წინ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ევროპელ პარტნიორებს უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია ერთ-ერთი ისეთი იშვიათი საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში პოლარიზაცია არ არსებობს.

წინააღმდეგობრივია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ევროინტეგრაციისთვის კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს, ამავდროულად ალტერნატიულ აქციას ნიშნავს და 20 ივნისის შეკრების ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმებას სთავაზობს. არა და არასოდეს!

ჩვენ ვიღებთ პრეზიდენტის მოწვევას 16 ივნისის აქციაზე და ვთავაზობთ, მანაც მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების თვითორგანიზებულ ჯგუფთა მოწვევა და დაესწროს შეკრებას “შინ ევროპისკენ”, რომელიც 20 ივნისს, 20 საათზე პარლამენტთან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება.

ქვეყანაში, სადაც ახალ წელს ორჯერ ვზეიმობთ, არაფერი დაშავდება, თუ ევროინტეგრაციისადმი ერთგულებასაც ორჯერ აღვნიშნავთ", - აღნიშნულია სირცხვილიას განცხადებაში. 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 16 ივნისს რიყეზე, ევროპის მოედანზე აქცია დააანონსა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა მოძრაობა სირცხვილიას მიმართა, გადადოს 20 ივნისის დანიშნული პროევროპული აქცია, რომელიც მისი თქმით, "ბევრ საფრთხეს უკავშირდება".

სირცხვილიას აქცია 20 ივნისს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ დაიწყება.

შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. 21:00 საათზე კი აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.


close დახურვა